საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში ხვალ, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია გაიმართება. ფორუმის ძირითადი განსახილველი თემებია: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.