სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს" უმასპინძლებს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად 2014 წლის 1-5 ივნისს გაიმართა. კონგრესი ორ ათწლეულზე მეტია, ძირითადად ხორვატიასა და შვეიცარიაში იმართებოდა. კონგრესის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება ქიმიური, ბილოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირდება.
ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს და მისი მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობა. მასში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ.
კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საჩვენებელი საველე ვარჯიშის მოწყობა. ღონისძიებას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.