logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს
- +

11 მაისი. 2019. 16:34

 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მისიას მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.

 

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის  შესრულების შედეგები, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფისკალური ჩარჩო.

 

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მისია პოზიტიურად შეფასდება. დელეგაცია დადებითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. სწორედ ეკონომიკური რეფორმებია დასახელებული ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის  ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მომავალ წლებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. 

 

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. შედგა დისკუსია ბიუჯეტის  შესრულებისა და საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის გარშემო. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები განათლების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით. მისიის ფარგლებში, გვაქვს შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან და ეროვნულ ბანკთან. იმედი გვაქვს, რომ შემფასებელი მისია წარმატებით დაასრულებს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას“, - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა  მერსედეს ვერა მარტინმა.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პროგრამას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო  მიმდინარე წლის ივნისში განიხილავს.

 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ასევე, მისი მომავალი შემცვლელი - სელიმ შეკირი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის უფლებამოსილებას ოფიციალურად ივნისში შეუდგება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner