logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი და უვიზო მიმოსვლა ევროპაში
- +

13 მაისი. 2019. 13:27

 

„ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, გვაქვს თავისუფალი და უვიზო მიმოსვლა ევროპაში, მაგრამ საქართველო იმსახურებს მეტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელში გამგზავრებამდე განაცხადა.

 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.

 

მისივე თქმით, ყველა ევროპელი პარტნიორი აღიარებს, რომ სწორედ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

 

„ბრიუსელში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, აღვნიშნავთ ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელიწადს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ. ჩვენი ყველა ევროპელი პარტნიორი აღიარებს, რომ სწორედ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ კონფერენციაზე, ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ გავაჟღერებთ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს.

 

საქართველო იმსახურებს მეტს, ეს არის ყველას პოზიცია. ჩვენ გვაქვს უკვე ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენ გვაქვს თავისუფალი და უვიზო მიმოსვლა ევროპაში, მაგრამ საქართველო იმსახურებს მეტს“,-  განაცხადა ბახტაძემ.

 

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, არის მოლოდინი, რომ საქართველომ კონკრეტული გზავნილები მიიღოს ევროპელი მეგობრებისგან.

 

„ჩვენ მოვამზადეთ ინიციატივები, რომლებიც გულისხმობს უფრო მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან, მის ყველა ინსტიტუტთან. მომზადებულია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, გზამკვლევი ევროკავშირისკენ, რომლის პრეზენტაცია ორი თვის წინ გავაკეთეთ ბრიუსელში. აქედან გამომდინარე, გვაქვს მნიშვნელოვანი მოლოდინები, რომ ჩვენ შევძლებთ კონკრეტული გზავნილები მივიღოთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან.

 

ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ დონეზე. ეს არის სწორედ ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიცია, რომ ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოსა და ევროპულ ოჯახს შორის არასდროს ყოფილა. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, ჩვენ ვართ მოწადინებული, გვაქვს ამის შესაძლებლობა და რაც მთავარია, საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავიდეთ წინ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner