საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას ხელი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოაწერა.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს, ასევე N2 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს.
აღნიშნული პროექტის მიზანია მასტიგმატიზებელი ნიშნებისგან გათავისუფლება და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
პროგრამის ხანგრძლივობა ექვსი თვეა. ბიუჯეტიდან ამისთვის 48 548 ლარია გამოყოფილი, რაც დაახლოებით 60 ბენეფიციარზე დაიხარჯება.
„გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ მეთოდებს ეძებენ და იგონებენ, თუ როგორ გაიკეთონ კუსტარულად ტატუ, ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული და ძვირი. მინდა, მათ მოვუწოდო, არ დაიზიანონ ხელები, კანი, რადგან შემდეგ არ არის ადვილი მოსაშორებელი კალმითა და მელნით გაკეთებული. ამიტომ ჩვენ ამ თანხით მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ მოვაშოროთ ტატუ. რესოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- აცხადებს თეა წულუკიანი.
ტატუს მოშორების პროგრამით, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება, 123-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა.