„დავით გარეჯის საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანის განახლებული კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
კითხვაზე, ისაუბრა თუ არა აზერბაიჯანელ კოლეგასთან დავით გარეჯთან დაკავშირებით, ზალკალიანი აცხადებს, რომ მას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
„არა მხოლოდ დღეს, არამედ იმ დღიდან დაწყებული, როდესაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე შეიქმნა ასეთი სიტუაცია, მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფები ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან. დღესაც ბუნებრივია, მქონდა ამაზე საუბარი. მიღწეულია შეთანხმება, რომ განახლებული კომისიების თანათავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართება,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ზალკალიანმა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს ემოციური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„მე მოვუწოდებ მთელს პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და საზოგადოებას, რომ თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან და მივცეთ კომისიას და თანათავმჯდომარეებს საშუალება, რომ დაწყნარებულ ვითარებაში ისაუბრონ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და შევთანხმდეთ ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.