„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი მამაკაცი გათავისუფლებულია“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს.
ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი - 35 წლის. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში იყვნენ.