პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ლობისტების ჩართვასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრთა განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ერთგვარი ტენდენცია დაამკვიდრა.
„საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა იმის თაობაზე, თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა იმაში, რომ პოლიტიკურ ოპონენტს, ამ შემთხვევაში, გიგი წერეთელს დაუპირისპირდეს სახელმწიფო. ამაზე მეტი უცოდინარობა ვეღარ წარმომიდგენია, ამ სფეროში თუ ადამიანი ჩახედულია, მაგრამ გამომსვლელებს, ამ თემაზე მოსაუბრეებს მე უცოდინარს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. მათ საზოგადოება ჰგონიათ უცოდინარი, რომელიც ვერ მიხვდება რაშია საქმე.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დაპირისპირებული გუნდები ძირითადად არიან სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებული კიდევ ამა თუ იმ მხარეზე არჩევნები ტარდება. ჩვენ ვართ ერთი ჯგუფის წევრები და სახალხო პარტიას ვუპირისპირდებით ყველა დონეზე, თუ არ ვიტყვით პირიქით, სახალხო პარტიამ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ჩარევები, განცხადებები და შემოჭრები გააკეთა იმ სისტემაში, რასაც ჰქვია სახელმწიფო მართვა ჩვენს პირობებში. ჩვენ ვართ ამავე დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენელი ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გვარია, რა მნიშვნელობა აქვს, ვისზე ვლაპარაკობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება ერთი ჯგუფი არ იყოს მობილიზებული იმისათვის, რომ არჩევნებში თავისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. რა შუაშია აქ ლობისტების ჯგუფი ან რა რესურსი აქვს ლობისტების ჯგუფს, რომ ამ სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს. ყველა კარგად იცნობს ოლივერ სპენსერსაც, რომელიც თუნდაც იმ წერილში გარკვეულ პოზიციას გამოხატავს ადამიანის მიმართ, რომელთა დაპირისპირება წლების განმავლობაში არის ცნობილი და ნათელი. ესეც ძალიან საინტერესოა, როგორ იქნა ეს წერილი მოპოვებული. არ არის ეს თემა სახუმარო. ტენდენციაა, საერთოდ, საკითხებთან დაკავშირებით გქონდეთ არასწორი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისათვის“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველო არის ევროპული სტანდარტის ქვეყანა და ამას ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაც ადასტურებს, ოპოზიცია შეგნებულად წარმოადგენს ინფორმაციას იმგვარად, თითქოს ევროპის საბჭოში არის იგნორირება იმ ინტერესისა, რაც სახელმწიფოს აქვს.
„ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი არის ადამიანი, რომელსაც თვე არ გასულა, რომ არ შეხვდეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ახლა კიდევ ჩამოდის საქართველოში. რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, იმ პირობებში, როდესაც საქართველო, (წაიკითხეთ რას წერს ჟან კლოდ იუნკერი), არის ის ევროპული სტანდარტის ქვეყანა, რომელიც არის მისაბაძი, იქნებ ცალკე გასვლა და ცალკე საუბარი, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან არის საჭირო, არ ჩაითვალა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად და დელეგაციას ხვდება. ოპოზიცია წარმოგვიდგენს ინფორმაციას იმგვარად, თითქოს ევროპის საბჭოში არის იგნორირება იმ ინტერესისა, რაც ჩვენ თურმე გვაქვს.
ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით გადახედეთ, რა ინფორმაცია ვრცელდება. თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ არ ახსოვთ და რადარებიდან გაქრა. ეს ძველი სიმღერაა, რომელსაც არ ეშვებიან, საქართველო მათთვის და თურმე ჩვენ ვიცით, რა დღის წესრიგი აქვს შეხვედრისა პომპეოს და პუტინს. აქედან გამომდინარე, საჯარო არის ბევრი რამ და ბევრი რამ არ არის საჯარო. საჯაროა ისიც, რა გადაწყვეტილებაც მიიღო კონგრესმა საქართველოსთან მიმართებაში და ეს საკითხები უნდა გახსოვდეთ, იცოდეთ და ითვალისწინებდეთ. არ გახსოვთ ან გახსოვთ და განგებ მიგაქვთ სხვა ინფორმაცია და ეგ უფრო მეტი დანაშაულია კიდევ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.