„ეკოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საწარმო „ჯეოსთილი“ მზად არის გადაიარაღება მოახდინოს“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც დღეს რუსთავში „ჯეოსთილს“ ეწვია.
მისი თქმით, გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ შემოწმება მიმდინარეობს.
„არის კონკრეტული კითხვები ,,ჯეოსთილთან“ მიმართებაში ეკოლოგიური ნორმების დარღვევის მხრივ. ჩვენი კოლეგები სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროდან მუშაობენ ამაზე და ვნახავთ, როგორი იქნება საბოლოო ანგარიში. მთავრობა ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა რუსთაველებს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ შემოწმების პროცესი, ველოდებით საბოლოო ანგარიშს. რაც მთავარია, დღეს საწარმოს მენეჯმენტმა აღგვითქვა მზადყოფნა, რომ თუ საჭიროება იქნება დამატებითი ტექნოლოგიების შემოღების, გადაიარაღების, ფილტრების დაყენების, ისინი მზად არიან ამისთვის“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯეოსთილს“ უკვე დაწყებული აქვს ენერგოეფექტიან საწარმოდ გარდაქმნის პროცესი.
„ეს არის გამოძახილი ჩვენი აქტიური მასშტაბური რეფორმისა ენერგეტიკაში. ეს იქნება ასევე ჩვენი მოთხოვნა, რასაც არამხოლოდ დავაკვირდებით, არამედ ხელსაც შევუწყობთ საწარმოებს, რომ უპასუხონ სტანდარტებს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსთავში „ჯეოსთილის“ წინააღმდეგ რამდენჯერმე აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საწარმოს გამონაბოლქვი ქალაქსა და გარემოს აბინძურებს.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი დღეს რუსთავში „რუსთავის ფოლადსაც“ სტუმრობდა.