საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მომხრეა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში, ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტია გამოცხადდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი ზოიძე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ასიმეტრიული და გარკვეულწილად უსამართლოა, რასაც ყველა ეთანხმება.
მისი თქმით, არ შეიძლება, ერთ ნარკოტიკულ საშუალებაზე, ინდივიდუალურ მოხმარებაზე სისხლის სამართლის სასჯელი არ არსებობდეს, ხოლო სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე ძალიან მკაცრი სასჯელი იყოს.
„განსაკუთრებით, იმ საშუალებებზე, რომელიც წყაროა პრობლემური ნარკომოხმარებისა და მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების. დარწმუნებული ვარ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში ინიციატივაზე მსჯელობას განვაახლებთ. არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას ვეთანხმები, რომ თუ ეს პროცესი ძალიან გაიწელება და უკვე მეორე წელია იწელება, ამნისტია მოხდეს იმ მსჯავრდებულთათვის, ვის მიმართაც მხოლოდ მოხმარებაში, პირადი მოხმარების მიზნით ფლობაში არის სასამართლოს გადაწყვეტილება დამდგარი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გასაღებასა და გაყიდვასთან მიმართებაში. პირიქით, ამ მიმართულებით სასჯელი უნდა გამკაცრდეს და ძალიან მკაცრი უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულება”,- განაცხადა ზოიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ამ დრომდე არ განუხილავს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიცირება დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა და რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.
არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმამდე, ნარკოდანაშაულზე დაკავებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ერთჯერად ამნისტიას დაუჭირონ მხარი.