რიგის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ყარაულით, წითელი ფიანდაზით და ლატვიისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით დახვდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ლატვიის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრთან არტურს კრიშიანის კარინშისთან.
შეხვედრებისას განიხილება როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო განტკიცების, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.
ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ლატვიის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. აღსანიშნავია, რომ წელს ლატვია ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.