„იმედი მაქვს, აზერბაიჯანში დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მისი მოადგილე ლაშა დარსალია, სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ამ საკითხზე პირველ შეხვედრას მართავს.
„შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვართ იმ დღიდან დაწყებული, როდესაც იქ პრობლემები შეიქმნა. იმედი მაქვს, რომ ის კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის საფუძველს მაძლევს ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგისგან მიღებული ინფორმაცია, რომ ისინიც მზად არიან, ძალიან კონსტრუქციულ ჭრილში გადავიყვანოთ ეს პროცესი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, აქ არ შეიძლება პოლიტიკური ქულების დაწერა. აქ დამარცხებული იქნება საქართველო და დამარცხებული იქნება აზერბაიჯანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და იხეირებს ის ძალა, რომელსაც სურს, რომ გააღვივოს მწვავე ურთიერთობები. როდესაც ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სიტუაციის გამწვავება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.