„არავის შეეძლო, 10 წლის წინ ევარაუდა ის პროცესები და ის დინამიკა, რომელიც განვითარდებოდა რეგიონში, დამოკიდებული ვართ ამ პროცესებზე, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და ვაანალიზებთ სიტუაციას, რა ხდება ევროპაში“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა საქართველო მომავალი 10 წლის განმავლობაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობაზე, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე.
„ჩვენ ხომ საქართველოს ვერ განვიხილავთ იზოლირებულად იმ პოლიტიკური გარემოსგან, რომელიც შექმნილია ჩვენს გარშემო. არავის არ შეეძლო 10 წლის წინ ევარაუდა ის პროცესები და ის დინამიკა, რომელიც განვითარდებოდა რეგიონში, ამიტომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ამ პროცესებზე. ძალიან კარგად ვხედავთ და ვაანალიზებთ, რა ხდება ევროპაში. ევროპა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მიგრაციის პრობლემა, ბრექსიტთან დაკავშირებული დისკუსიები, თავად ევროკავშირის შიგნით მიმდინარე დისკუსია ფინანსებსა და ბიუჯეტზე. სულ რამდენიმე დღეში ჩვენ ველოდებით ევროპარლამენტის არჩევნებს, როგორი სურათი იქნება თუნდაც ორი თვის შემდეგ ძნელი სათქმელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ სიტუაციაშიც ვხედავ შესაძლებლობებს. ჩვენ ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია ჩვენთვის სასარგებლოდ უნდა მოვატრიალოთ და გამოვიყენოთ. ამიტომ ეს ჩვენ უფრო მეტ დამატებით იმპულსს გვაძლევს, რომ ქვეყანა ვამზადოთ ყოველდღიურად, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ეს მომენტი მოვა და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მომწიფებული, ჩვენ ვიყოთ მზად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.