logo_geo
eng_logo
გასულ წელს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო
- +

15 მაისი. 2019. 14:32

 

საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა.

 

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემდეგ დანაშაულებზე: „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“; „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა; „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება.

 

საქართველოს პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 49 პირის მიმართ დაიწყო.

 

„სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის - 27 პირის, „კანონიერი ქურდობისთვის“ – 3 პირის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის - 14 პირის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისთვის მხარდაჭერისთვის - 5 პირის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის - 2 პირის მიმართ.

 

2018 წელს გამოტანილი იქნა 11 განაჩენი, აქედან რვა - გამამტყუნებელი და სამი - გამამართლებელი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ საკმაოდ მკაცრია. ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სახით მოთხოვნილი იყო პატიმრობა, რაც სასამართლოს მიერ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner