logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი აგრძელებს ფიქრს, რომ აგრესიით შეუძლია, საქართველოს ხელი შეუშალოს...
- +

15 მაისი. 2019. 14:53

 

„წინ კიდევ ბევრი პროგრესია, რაც უნდა გავიაროთ, რათა დავბრუნდეთ ევროპაში, შევიდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ვეიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ 30 წლის წინ დაიწყო დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა.

 

„ჩვენ 30 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის, რომელმაც იქ მიგვიყვანა, სადაც ახლა ვართ. ალბათ, 30 წლის წინ არავინ იფიქრებდა, რომ ლატვია იქნებოდა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, საქართველო კი, ასე ახლოს ევროკავშირისა და ნატო-ს ღია კარებთან.

 

ჩვენი წარსული და არჩეული გზა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით იყო ძალიან წარმატებული, აშკარად პროგრესული. ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელს აღვნიშნავთ. ეს დრო კი, ასახული იყო საქართველოს მიერ ევროკავშირთან მიღწეულ ასოცირების ხელშეკრულებაში, ვიზალიბერალიზაციასა და თავისუფალ ვაჭრობაში. წინ კიდევ ბევრი პროგრესია, რაც უნდა გავიაროთ, რომ დავბრუნდეთ ევროპაში, შევიდეთ ევროკაშირსა და ნატო-ში. ჩვენი მეგობრები უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ვიღებთ ძალიან დიდ მხარდაჭერას.  დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის ამ ორ ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით“, – მიმართა ლატვიელ კოლეგას სალომე ზურაბიშვილმა.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა,  ბათუმში ზაფხულში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაგრძელდება საუბარი, თუ რა უნდა დაიგეგმოს სამომავლოდ ევროინტეგრაციის მიმართულებით.

 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში დღეს მიმდინარე პროცესებმა არ უნდა გადადოს და შეანელოს საქართველოს პროგრესი.

 

„ჩვენ ვიცით, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები ნატო-სთან, რომ ჩვენთვის მისი კარი გაიხსნას. ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოებას, კიბერუსაფთხოებას, მაღალი რანგის ვიზიტებს. ეს არის კონკრეტული გზა, რომელსაც ვაგრძელებთ. ამ მხრივ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა სასიცოცხლოა, რადგან ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, რუსეთი კი, აგრესიულ პოლიტიკასა და პროვოკაციებს აგრძელებს საოკუპაციო ხაზთან. რუსეთი აგრძელებს ფიქრს, რომ აგრესიით შეუძლია, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაში შეუშალოს ხელი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველომ უნდა დაარწმუნოს პარტნიორები, უთხრან რუსეთს, რომ ეს არ მოხდება.

 

„ჩვენ გვჭირდება, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, უთხრან რუსეთს, რომ ეს არ მოხდება. არავინ დააბრუნებს საქართველოს წარსულში, იმ გზამდე, რაც 1989 წელს ქვეყანამ დაიწყო. ამ პროცესს შეიძლება, დრო დასჭირდეს, შეიძლება ცოტა უფრო მეტი, ვიდრე თქვენ. იქნებ ეს გეოგრაფიის დამსახურებაა ან რამე სხვა ფაქტორის. თუმცა, ჩვენ გვაქვს იგივე გზა, შედეგიც იქნება იგივე. როცა მას მივაღწევთ და მოვხვდებით ამ ორ ორგანიზაციაში, შეგვეძლება, უფრო მეტად გადაგიხადოთ მადლობა“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებისას სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი შეფასებით, ამ კონტექსტში საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია.

 

სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner