„ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი შუალედურ არჩევნებამდე. 19 რიცხვში რამდენიმე საარჩევნო ოლქში გაიმართება საარჩევნო კენჭისყრა. გუშინდელ დღემდე საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ სავარაუდოდ დაძაბულობის ცენტრი გახდება ზუგდიდი. გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან. როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა. საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა მაინც ვიხილეთ. ამ პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ხდება 5000 აქტივისტის მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან ქალაქ ზუგდიდში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია იგეგმება სწორედ ამ ადგილას. ჩვენთვის ეს იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და არჩევნებში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ ვხედავთ მცდელობას, სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ან ექნება ადგილი, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი, კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.
„გვინდა, გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივმართოთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, როგორც საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდს, რადგან ყველანაირი ნიშანია იმისათვის, რომ შესაძლებელია, ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს. ჩვენი ამოცანაა, არჩევნებმა ჩაიაროს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში და ამისთვის მომართულია ყველა სახელმწიფო უწყება“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, რომ სავარაუდო დაძაბულობისა და დარღვევების პრევენცია მოხდეს.
„ჩვენ ვაპირებთ მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობას, ახლაც გვაქვს კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდში 5 000 კაცი ჰყავთ მობილიზებული. კობა ნაყოფიამ კი დღეს აღნიშნა, რომ აქვთ ყველა საშუალება და ზუგდიდში ვითარებას ზემოდანაც გააკონტროლებენ.