დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ახალი პროგრამა „შემოქმედებითი თბილისი“ წარადგინა. სამეფო უბნის თეატრში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილმა განაცხადა, ახალი პროგრამა ევროკავშირის პროგრამას „შემოქმედებითი ევროპა“ ეხმიანება.
„მსოფლიოში, კრეატიული ინდუსტრიების ზრდის პარალელურად, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის პოლიტიკის ნაწილი გახდა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება. ამ პროგრამის მეშვეობით თბილისის მერია ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდების დასაქმებას, მდგრადობას და განვითარებას“,- აღნიშნა მაკა ნასრაშვილმა.
პროგრამის ამოცანაა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობის, ჩართულობის გაძლიერება და მდგრადობა, კულტურული ტურიზმის განვითარება და ამით დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.
პროგრამის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება. „შემოქმედებითი თბილისის“ საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. პროგრამისთვის შექმნილ ახალ ელექტრონულ პლატფორმაზე, დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას და მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე განაცხადის ონლაინ რეჟიმში გაკეთებას შეძლებენ.