logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი...
- +

15 მაისი. 2019. 16:48

 

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

 

​საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს ძველი მეგობრობა აკავშირებთ.

 

„მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ასევე, თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. 30 წლის წინ, საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, რამაც განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისუფლების დაბრუნება. ასე დაიწყო ჩვენი ბრძოლა, რამაც დღეს აქამდე მოგვიყვანა. სავარაუდოდ, 30 წლის წინ რთული იქნებოდა იმის პროგნოზირება, რომ ლატვია ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გახდებოდა და საქართველო ასე ახლოს იქნებოდა ევროკავშირისა და NATO-ს ღია კართან. საქართველოს ეს ტრაექტორია განისაზღვრა ერთგული მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების თანადგომით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რომ წელს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, გამოხატავს არა მხოლოდ იმ პროგრესს, რომელიც თან სდევს ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალ ვაჭრობას, ვიზა-ლიბერალიზაციას, არამედ საუბრობს იმაზე, რაც გასაკეთებელია ევროპაში დაბრუნებისა და NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით.

 

„ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც ივლისში გაიმართება, სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება, საქართველო იქნება მზად, გამოხატოს საკუთარი ამბიცია, გეგმა და საკუთარი ხედვა, თუ როგორ მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში, მიუხედავად ორგანიზაციის გარდამავალი პერიოდისა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

 

რაც ეხება NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებას, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ იცის, როგორ გააძლიეროს კავშირები NATO-სთან, იმისათვის, რომ ბიძგი მისცეს ღია კარის პოლიტიკას.

 

„ეს გულისხმობს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ასევე გულისხმობს მეტ სამხედრო წვრთნებს, შესაძლებლობის ფარგლებში მეტი უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელებას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკისა და საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო არ შეცვლის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს.

 

„ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner