საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნურ-სულთანში დღეს გამართულ შეხვედრებზე განხილული ერთ-ერთი საკითხი ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნებას უკავშირდება.
„დღეს ქართულ ბაზარზე, ძირითადად, რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინც სახარბიელო სტრუქტურა. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით და ეს განმტკიცდა პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომ ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს ხორბლის გადაზიდვებს საკუთარ ტერიტორიაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს საქართველოში ყაზახური ხორბალი, შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ეს მოხსნის ამ სტრატეგიული პროდუქტის ბაზარზე მიწოდების პრობლემას“,- აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის თქმით, თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყებს შეხვედრებს მეხორბლეებთან და ასოციაციებთან, რათა იმპორტიორებმა ისარგებლონ ამ ახალი შესაძლებლობით.