ამერიკაში მოღვაწე ქართველი მოცეკვავე ირაკლი ცაავა უკვე რამდენიმე წელიწადია საზღვარგარეთ ცხოვრობს და ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას უცხოეთში ეწევა.
ქართველი ხელოვანი აშშ-ში სხვადასხვა შოუებსა თუ კონცერტებში სისტემატურად ჩნდება და ანსამბლ „ერისიონს" მისი შემოქმედების მთავარ ესტაფეტად ასახელებს.
ირაკლი „კვირასთან" საუბრისას იმ გასტროლებს იხსენებს, რომლებიც მისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
„ანსამბლმა დაგეგმა გასტროლები გერმანიასა და კარიბის კუნძულებზე. ივლისში ჩავედით ქალაქ კიოლნში, სადაც „ერისიონმა" ორი კვირის განმავლობაში 20-ზე მეტი კონცერტი გამართა. მინდა აღვნიშნო, რომ კონცერტებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე და განსაკუთრებით იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე. ჩვენს ერთ ერთ კონცერტს ესწრებოდნენ ჯგუპ „სტომპის" წევრები, რომელთაც აქვთ განსხვავებული სტილის მუსიკალური შოუ. კონცერტის ნახვის შემდგომ დაგვპატიჟეს თავიანთ კონცერტზე და გვთხოვეს, მათი ერთ-ერთი კომპოზიცია მე და ჩემს მეწყვილეს ქორეოგრაფიულად გაგვეფორმებინა. კონცერტის დაწყებამდე ჯგუფის სოლისტმა ამცნო მაყურებელს იმის შესახებ, რომ კონცერტს ესწრებოდა ანსამბლი „ერისიონი" სრული შემადგენლობით. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ჯგუფი საკმაოდ პოპულარულია. მინდა გითხრათ, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა, რადგან ქართული ცეკვა რამდენადაც უნიკალურია, იმდენად იძლევა იმპროვიზაციის საშუალებას და აქედან გამომდინარე, ჩემთვის, როგორც პროფესიონალი მოცეკვავისთვის არ წარმოადგენდა სირთულეს, წარმედგინა ქართული ცეკვა მაყურებლისთვის არატრადიციულ ჟანრში".
- გამორჩეულად თუ გაიხსენებ კიდევ რომელიმე ტურნეს?
„აღსანიშნავია ჩვენი ტურნე კარიბის კუნძულებზე. მიწვეული ვიყავით რამდენიმედღიან ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ტურნე დავიწყეთ სარეკლამო ხასიათის კონცერტებით, რადგან ამ რეგიონში ქართული ცეკვა სრულიად უცნობი იყო მაყურებლისთვის. საერთო ჯამში ჩავატარეთ 4 კონცერტი. მინდა გავიხსენო მაყურებლის ემოცია, რომელიც იყო სრულიად განსხვავებული და უცნაური ყველა იმ ემოციისგან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გასტროლის დროს მინახავს.
ზოგადად მაყურებელი კმაყოფილებას გამოხატავს ტაშის დაკვრით, თუმცა, ამ შემთხვევაში მაყურებელმა საკუთარი აღფრთოვანება გამოხატა დარბაზში ფეხების ბაკუნით. ჩვენი ტურნეს დასკვნითი ეტაპი შედგა კვლავ გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში დაიგეგმა დამატებით რამოდენიმე კონცერტი. ეს ის ტურნეა, რომელიც სიამოვნებით მახსენდება და ბედნიერი ვარ იმით, რომ როგორც ანსამბლის ერთ-ერთ სოლისტს, გამორჩეული როლი მეკისრებოდა აღნიშნული ტურნეს განმავლობაში".
ავტორი: ანი ნიქაბაძე