ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონთან" არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ლომისა" თურქეთში მსოფლიო ბავშვთა ცეკვების ფესტივალზე იქნა მიწვეული, სადაც გამარჯვება მოიპოვა და ანსამბლს ფესტივალის ორგანიზატორებმა გრან-პრი გადასცეს, სტუდიის მოცეკვავეებს კი სამახსოვრო დიპლომები გადაეცათ.
როგორც „ერისიონში" აცხადებენ, წარმატებაში უზარმაზარი წვლილი ანსამბლის ქორეოგრაფებს, ტარიელ მილაძეს, ელზა კახნიაშვილს და ანსამბლ „ერისიონის" სოლისტს მიშიკო კობახიძეს მიუძღვით, რომლებიც ბავშვებთან ერთად დაუღალავად შრომობდნენ ამ დიდი წარმატების მიღწევაში.
როგორც მიშიკო კობახიძე აცხადებს, ანსამბლის წარმატება დაუღალავი შრომის შედეგია.
„ამ ბავშვებთან მუშაობისას უზარმაზარ ენერიას ვხარჯავთ და ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ. ძალიან მიხარია ეს წარმატება და მადლობას ვუხდი როგორც ჩემს კოლეგებს, ასევე პატარებს", - აცხადებს სოლისტი.
მისივე თქმით, ანსამბლი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნების ფესტივლებისთვის და წარმატების მიღწევისთვის მოემზადება, რომელიც ანსამბლის ქორეოგრაფების დაუღალავი შრომით მიიღწევა.