სტრატეგიული მრჩევლების ჯგუფის თანათავმჯდომარე ლეშეკ ბალცეროვიჩი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მთავრობის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
„რას ეყრდნობა მისი განცხადება? ის არ მუშაობდა მთავრობასთან, მე ის იქ არ მინახავს. მისი ბრალდება მტკიცებულებების გარეშეა. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა და მაგონებს საბჭოთა პერიოდს. მეორე, ეს არ არის სამართლიანი და ვნებს უკრაინას. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთში არსებობს ასეთი სტერეოტიპები, რომ უკრაინაში არაფერი არ გაკეთებულა. ეს არასწორი სტერეოტიპებია. ვფიქრობ, რომ უკრაინაში ბევრი რამ არის გაკეთებული", - განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გაზეთმა „guardian"-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობა „უნიჭოების ხროვაა". სააკაშვილმა ეს სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ მას ეს არ უთქვამს. ჟურნალისტმა შონ უოკერმა კი „ტვიტერზე" დაწერა, რომ მას სააკაშვილთან ინტერვიუს აუდიოჩანაწერი აქვს, სადაც ის მთავრობას სწორედ უნიჭოების ხროვას უწოდებს.