სოფელ ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და ფონდ ,,ქართუს“ დირექტორი ნიკო ჩხეტიანი გაეცნენ.
ამჟამად საბავშვო ბაღი, ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ამბულატორია და ბიბლიოთეკაა განთავსებული. ოთახების არ არსებობის გამო კი ბაღში ორივე ჯგუფის აღსაზრდელები ერთ ოთახში იღებენ სკოლამდელ განათლებას.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გახსნისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუზეუმის ეზოში პარკის გაშენება, ასევე მოხდება ეკლესიის მშენებლობა. „ქართუ ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში, მუზეუმის გახსნა ზაფხულის ბოლოს იგეგმება.
ასევე, სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემას და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს.
ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქანთარიოს უბანში 5,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე უკვე შეაფასა ძველ ხიბულაში სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთები საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად. ძველი ხიბულის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
სოფელ ძველ ხიბულაში განხორციელდება გაზიფიცირების სამუშაოები. პროექტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება. განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის სარგებლობის შესაძლებლობა სოფელ ძველ ხიბულაში მცხოვრებ 290 ოჯახს მიეცემა.