ავტორი თამუნა პეტრიაშვილი
მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას, მისი სიმღერები დღესაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ეს მის ბიუჯეტზე ნაკლებად აისახება. როგორც შოუბიზნესის ბევრ წარმომადგენელს, გიგა კობალაძესთან კითხვები და პრეტენზიები მასაც ჰქონდა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავტორო უფლებების დაცვის ახალ ასოციაცია „GERA“-სთვის მიენდო თავისი საავტორო უფლებების დაცვა
გია გაჩეჩილაძე: საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვის მქონდა, წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი კომპანიასთან, რომელსაც დღეს გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს (მაგ კომპანიასთან, სანამ კობალაძე მივიდოდა, მანამდეც ვთანამშრომლობდი). ვერასოდეს ვიგებდი, ეს ფული საიდან მოდიოდა და მითუმეტეს როგორ ნაწილდებოდა. დასაწყისში სულ სხვა თანხა ირიცხებოდა, შემდეგ კონტრაქტი რომ გავაფორმე, სხვა თანხა, ნელ-ნელა ეს თანხა იკლებდა. მაიმუნობა ხდება, როგორც უნდათ, ისე ანაწილებენ მაგ თანხას, ყველაზე ცუდია, როდესაც ნდობას კარგავ ადამიანი და კობალაძემ და მისმა ორგანიზაციამ ეს ნდობა დაკარგეს ჩემთან და არა მარტო ჩემთან. წლების განმავლობაში ვერ ამოვხსენი ფორმულა - თანხას როგორ ანაწილებდნენ.
- არ გიკითხავთ?
- არა, ერთხელ ვიკითხე და ვერ მივიღე პასუხი, ვიღასთვის უნდა მეკითხა... თანხის ოდენობა ყველა კვარტალში იკლებდა, რატომ, რის საფუძველზე? იქნებ მე დავკარგე აქტუალობა?! მაშინ როდესაც „ვაგონი ჯერ კიდევ მიჰქრის“? როგორც თვითონ თვლიდნენ საჭიროდ, ისე ანაწილებდნენ თანხას. დღეს ვარ იქ, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა, სიტუაცია კონტროლდება და ნაკლებადაა შანსი, მომატყუონ, რამე მომპარონ, დასაცინად ამიგდონ.
- საუბარი იყო, რომ მომღერლებს გქონდათ პირადი კაბინეტი, საიდანაც ამ ყველაფრის გაკონტროლება შეგეძლოთ , არ იყო ასე?
- არანაირი კაბინეტი არ მქონია, წლების განმავლობაში, ხომ ვამბობ, ვერ გავარკვიე, საიდან რა როგორ ხდებოდა ამიტომაც ვარჩიე, ალტერნატიულ კომპანიასთან გამეგრძელებინა ურთიერთობა, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა და მობილურით შემიძლია ვაკონტროლო ჩემი შემოსავალი.
სადაც უკეთესი პირობები შემომთავაზეს, იქ წავედი, არ დავრჩი იქ, სადაც არანაირი პირობა არ იყო. არა მგონია, საწყენი ყოფილიყო ეს. მადლობა ღმერთს, მონოპოლიური სიტუაცია დამთავრდა და შეიქმნა ალტერნატიული კომპანია „GERA“-ს სახით.
- ვიდეორგოლში „არა ინტელექტის ოკუპაციას“ მონაწილეობა თუ შემოგთავაზეს?
- ვიდეორგოლში მონაწილეობა არავის შემოუთავაზებია, წარმოდგენა არ მაქვს, რას ნიშნავს ინტელექტის ოკუპაცია, ვისი მოფიქრებულია საერთოდ, არც არავის ჩავუყენებივარ საქმის კურსში, „ტყემალზე ვიჯექი“.
- კობალაძე აპელირებდა თემით, რომ რუსული კომპანია ედგა ამ ყველაფერს სათავეში...
- კარგი რა, ეს არის მარაზმი. კობალაძე მიხვდა, იძირებოდა და დაიწყო გადაბრალება, რა შუაშია რუსეთი? რა შუაშია ინტელექტის ოკუპაცია? გამწარებული და წყალწაღებული კაცის საქციელია, ხავსს რომ ეჭიდება. ჩვეულებრივი კონკურენციის ამბავია, გართმევენ კლიენტებს იმიტომ, რომ შესთავაზეს უკეთესი პირობები, ამის ფონზე რუსეთს კი არ უნდა მიაწერო, უნდა ეცადო, სიტუაცია გამოასწორო, ვინც გყავს, ისიც რომ არ დაკარგო. მას კი პირიქით მოუვიდა. როგორც ყოველთვის, ყველა ბინძური კაცი თავის შეცდომებს აწერს რუსეთს, ეგაა, მეტი არაფერი, ან ეგ ტერმინი რამ მოაფიქრებინა.