ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი „facebook"-გვერდის მეშვეობით ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტის ზვიად თხელიძის ოჯასა და კოლეგებს უსამძიმრებს.
„აი, ჩვენ დავბოდიალობთ ამ დედამიწაზე, რაღაცეებს ვსწავლობთ, ვწვალობთ, ვიბრძვით, ვცდილობთ, გვეზარება, გვიყვარს, გვძულს, გვშურს, ვგეგმავთ, ვფიქრობთ, ვოცნებობთ... მაგრამ, არავინ იცის, საერთოდ გვექნება თუ არა ხვალინდელი დღე, ან, როგორი იქნება ის...
მთელი დღეა, ვფიქრობ ზვიადის გარდაცვალებაზე, მთელი დღეა, ვიხსენებ ცოცხალს.
სიკვდილი არასოდეს არის უაზრო. ის სადღაც სულ ჩასაფრებულია. ეს ჩვენ, ზედმეტად ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე და ხელსა და ხელს შორის გვეპარება დღევანდელი დღე - წუთები, როცა აქ, რეალურ დროში ვართ.
არასოდეს უნდა ვიცხოვროთ „ხვალ". უნდა მოვუფრთხილდეთ, მოვუაროთ, მოვეფეროთ, გვიყვარდეს დღევანდელი დღე და ჩვენი ადამიანები... თორემ, ხვალ ზვიადიც აღარ იქნება ცოცხალი.
გულით ვუსამძიმრებ ოჯახს და ჩემს კოლეგებს", - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.
ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე. ზვიადი ხადას ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა.
ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა.