logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი არის არჩევნების დისკრედიტაცია და ჩაშლაც
- +

18 მაისი. 2019. 15:19

 

 

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას უპირატესობით აიხსნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაძაბულობისკენ, პროვოკაციებისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს და მათი მთავარი მიზანი არის არჩევნების დისკრედიტაცია“, -ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არ საუბრობს კანდიდატების რეიტინგებზე ზუგდიდის არჩევნებში, რაც აჩენს ეჭვს, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია შენგელიას უპირატესობაზე.

 

„მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებისა, რომელზეც ამბობენ, რომ მათ ჩაატარეს და კომპანია, რომელსაც ჩაატარებინეს, მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ტერიტორიაზეც საქმიანობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევაში ისინი არ საუბრობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის და საერთოდ, კანდიდატების რეიტინგებზე ზუგდიდის არჩევნებში. ეს კიდევ ერთხელ აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათ აქვთ ზუსტად იგივე მონაცემები, რომ კვლევის შედეგებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გეგა შენგელია ფლობს დამაჯერებელ უპირატესობას და მას აქვს რეალური შესაძლებლობა, პირველივე ტურში გაიმარჯვოს. მიუხედავად იმისა, რომ გადაკეთებული მანიპულირებელი მონაცემები გამოაქვეყნეს მათ მიერ ჩატარებულ კვლევაშიც კი, ბოლომდე ვერ დამალეს, რომ „ქართული ოცნებას“ აქვს უპირატესობა და ეს ჩანს ამ კვლევაშიც. ჩვენ წინა დღეებში გვქონდა ეს მონაცემები და სწორედ ამით აიხსნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაძაბულობისკენ, პროვოკაციებისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს და მათი რეალური მიზანი, პირველი მთავარი მიზანი არის არჩევნების დისკრედიტაცია და მისი ჩაშლაც კი,  თუ შედეგები და კენჭისყრის პროცესი იქნება მათთვის, მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მიუღებელი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს,  სადამკვირვებლო ორგანოებს, რომ ძალისხმევა გამოიჩინონ არჩევნების დაკვირვების პროცესში, რათა ყოველგვარი სუბიექტური მომენტი იყოს გამორიცხული.

 

„ჩავატარეთ მშვიდი საქმიანი კამპანია, ჩვენი სურვილი და მოწოდება არის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდ და დემოკრატიული გარემოში. ეს ასეც იქნება, არავის მივცემთ უფლებას, ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს და რამე საფრთხე შექმნას მითუმეტეს, რეგიონში, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები,  საზოგადოების უსაფრთხოება არის ნომერ პირველ ამოცანა და დემოკრატია აღნიშნულ რეგიონში არის ამ უსაფრთხოების ნაწილი“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner