საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სოლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია, რომ შედგა სლოვაკეთის პრეზიდენტის საქართველოში პირველი ისტორიული ვიზიტი.
„ბუნებრივია, ეს ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა შარშან, როდესაც მე თქვენ გეწვიეთ. ეს მეგობრული შეხვედრა გაგრძელდა დღესაც და ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც იწყება სულ ცოტა ხანში, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ უფრო გააღრმაოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი. ჩვენ უკვე ტრადიციულად გვაქვს თანამშრომლობა როგორც კულტურულ, ასევე სამხედრო სფეროში და ბუნებრივია, ჩემი და თქვენი ვიზიტებით იქმნება სულ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობები ბიზნესთანამშრომლობის თვალსაზრისით. ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ ბიზნესმენების დიდ ჯგუფთან ერთად ჩამობრძანდით. ბუნებრივია, ის თანამშრომლობა და მემორანდუმები, რომლებიც დაიდება ჩვენ პალატებს შორის, გახსნის ფართო შესაძლებლობას სლოვაკი ბიზნესმენების დაინტერესებისთვის საქართველოში და ქართველი ბიზნესმენების აქტიური ჩართვისთვის სლოვაკეთის ბიზნესში.
გამოვხატავ სიხარულს თქვენი აქ ჩამობრძანებით და მომავალი რამდენიმე დღე, დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.