„სიცრუის მანქანამ" ისე ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი, რომ მათი კონტროლი ცენტრალური ოფისებიდანაც კი უჭირდათ", - ამის შესახებ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილშია ნათქვამი.
როგორც ივანიშვილი წერს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილი „იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად".
„ზოგჯერ, საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ შეფასებებს, უცხოელების ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელები წერდნენ. სამწუხაროდ, ასეთი რეციდივები ახლაც შეიმჩნევა.
„ენდიაის" და „აირაის" ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა, დასამალი არ არის, რომ ბევრ ეჭვს ბადებს სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ადგილობრივი სპეციალისტების მეშვეობით ატარებენ.
ყველას გვახსოვს, უახლოეს წარსულში ეს კვლევები როგორ მკვეთრად იყო აცდენილი რეალობას - 2012 წლის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებსა და არჩევნების შედეგებს შორის ძალიან დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ამგვარი კაზუსები მთლიანად კვლევით ორგანიზაციებში მომუშავე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების სინდისზეა, რომლებიც ახერხებდნენ და თავიანთ სიცრუეს თავს ახვევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი.
სააკაშვილის გუნდი განუწყვეტლივ საუბრობდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თუმცა, მათი მიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპეიზაცია, რაც, უპირველესად, განვითარებულ დემოკრატიას და თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობს.
სინამდვილეში, სააკაშვილის მართვის სტილი იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ფსევდოევროპელობამ და ფასადურმა დემოკრატიამ შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენს გულგატეხილ თანამოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, იმას საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც დემოკრატიასთან და არც ლიბერალიზმთან", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.