logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მძიმე არჩევანი დამიდგა
- +

30 მაისი. 2016. 12:40


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში იხსენებს, თუ რატომ და რა ვითარებაში გადაწყვიტა ხელისუფლებაში მოსვლა:

 

„2011 წლის ბოლოს აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ ხელისუფლებამ ძალადობის, ჭორების გავრცელების, მოსყიდვის და გადაბირების მეშვეობით დაქსაქსა და გაანეიტრალა ოპოზიცია, ხოლო ლიდერების გარეშე დარჩენილი ხალხი შეშინდა, დაიბნა, და სამზარეულოებში ჩურჩულზე გადავიდა - საპროტესტო ტალღა ჩაქრა; ნათელი გახდა, რომ საზოგადოებას მოჯადოებული წრის საკუთარი ძალებით გარღვევის რესურსი აღარ ჰქონდა დარჩენილი და მეც მძიმე არჩევანი დამიდგა: ან იმ რეალობას უნდა შევგუებოდი, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ათწლეულებით ამ კოშმარში დარჩებოდა, ხელი ჩამექნია, წავსულიყავი და თავი უცხოეთისთვის შემეფარებინა, ან უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა.

 

არ დავმალავ, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან პოლიტიკური საქმიანობა არასდროს მაინტერესებდა და, ამასთან, არსებული რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა ჩემთვის და, რაც მთავარია, ჩემი ოჯახისთვის; თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ოჯახმა, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა გადამაწყვეტინეს ქვეყანაში დარჩენა და ბრძოლის დაწყება. ჩემი მაშინდელი განწყობის გადმოსაცემად ისევ გავიხსენებ რამდენიმე ნაწყვეტს 2011 წლის წერილიდან:

 

„ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას".

„შეცდომა იყო, საქართველოდან წასვლა რომ დავაპირე. წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა?!"

 

„ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ ვცდებოდი, თუმცა, არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ჩემი ოჯახიც, სხვა ქართული ოჯახებივით, ორი წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის იმედით და თანადგომით შიში ვძლიეთ".

 

აი, ასეთი ვითარება და განწყობა სუფევდა მაშინ ქვეყანაში და, რასაკვირველია, ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო ძალიან ბევრი ჩემი თანამოქალაქე", - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner