logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დაპირებების დიდი ნაწილის შესრულება შევძელი!
- +

30 მაისი. 2016. 12:45


„მინდა, გავიხსენო ის დაპირებები, რომლითაც ჩავები ბრძოლაში და, შემიძლია ვთქვა, რომ მათი დიდი ნაწილის შესრულება შევძელი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში საუბრობს და იმ დაპირებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც 2011 წელს საზოგადოებას დაჰპირდა.

 

„2011 წელს მე ჩემს თანამოქალაქეებს დავპირდი, რომ:

 

ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს აბსოლუტური უმრავლესობით მოვიგებდით.

 

პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას მივიღებდი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და ბოლომდე აღმოვფხვრიდით ელიტურ კორუფციას.

 

დავიწყებდით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას და ამას შეუქცევად პროცესად ვაქცევდით.

 

პერსპექტიულს გავხდიდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.

 

შევქმნიდით საინტერესო საინვესტიციო გარემოს და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველს ჩავუყრიდით თავისუფალ ბიზნესსაქმიანობას.

 

ბოლომდე მივიყვანდით სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტს.

 

საბოლოო სახეს მივცემდით მნიშვნელოვან  პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნას.

 

დავიწყებდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.

 

გავაღრმავებდით აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობასა და ინტეგრაციას.

 

ჩემი აზრით, ზემოჩამოთვლილი საკითხების გადაჭრას დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც   მე ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას, რათა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიმეღო.

 

ეს იყო  ძირითადი ნაწილი ჩემი დაპირებებისა, რომლებითაც მოვედი პოლიტიკაში და სწორედ მათი შესრულებით უნდა დაწყებულიყო იმ ნიადაგის მომზადება, რომელსაც დაეფუძნებოდა ქვეყნის შემდგომი განვითარება", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner