logo_geo
eng_logo
კრისტინ ლაგარდი: ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია
- +

20 მაისი. 2019. 15:08

 

 

„ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

 

კრისტინ ლაგარდის თქმით, კორუფციის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და წლიდან წლამდე მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ეკონომიკის ზრდის მისაღწევად არის ეფექტური მმართველობა და ინსტიტუციონალური რეფორმა. ხშირად ვახსენებ საქართველოს საერთაშორისო ფორუმებზე, როდესაც ვსაუბრობთ ანტიკორუფციულ რეფორმებზე. ამ მხრივ საქართველოს საოცარი მიღწევები ჰქონდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მექრთამეობას ეხება. ამასთან, ანტიკორუფციული რეფორმები 2 000-იან წლებში დაიწყო. ეს მოიცავს არა მხოლოდ კანონმდებლობას, არამედ საჯარო სექტორის რეფორმას, გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებასა და საგადასახადო კოდექსის გამარტივებას, საჯარო ფინანსების მენეჯმენტისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ამ რეფორმებით დავინახეთ, რომ ეფექტურ მმართველობას მოაქვს მეტი ფისკალური შემოსავლები, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაიზარდა“,- განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

 

მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემა მნიშვნელოვანია უფრო ღია და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

 

„კორუფციის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და წლიდან წლამდე მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ყველა მთავრობამ უნდა გააგრძელოს ეს კურსი. ეს ბრძოლა მოითხოვს ხელისუფლების სამივე შტოს მონაწილეობას. საქართველოში არის შესაძლებლობა სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და უფრო თანაბარი პირობების შესაქმნელად კერძო სექტორისთვის. ეს კი ნიშნავს სწორი ნაბიჯების გადადგმას, რათა ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა ჩამოყალიბდეს. იურისტი გახლავართ და კარგად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემა უფრო ღია და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ასევე ეს ნიშნავს უფრო ეფექტური არაგადამხდელუნარიანობის რეჟიმს. საქართველოში ბიზნესის დასაწყებად ორი დღეა საჭირო, რაც შთამბეჭდავია. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა საქართველოს კონკურენციას ვერ გაუწევს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბიზნესის დახურვას, ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ასე რომ, ამ პროცესის დაჩქარება ხელს შეუწყობდა იმ კაპიტალის გათავისუფლებას, რომელიც გაყინულია. როდესაც კრედიტორებმა არ იციან, რას მიიღებენ, მაშინ ინვესტიციებს არავინ ჩადებს“,- განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner