„მე რომ ვყოფილიყავი დამწყები მომღერალი, გული არ დამწყდებოდა“, - ამის შესახებ მომღერალი თემურ თათარაშვილი „ქართულ აზრთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ჯერ კიდევ მოსკოვში ვცხოვრობდი, როდესაც შევიტყვე, რომ საქართველოშიც არსებობდა საავტორო უფლებების დამცავი კომპანია. ძალიან გამიხარდა. ერთ დღეს მეც დამირეკეს ამ კომპანიიდან და მითხრეს, რომ ჩემს ანგარიშზე იყო წლების განმავლობაში დაგროვილი თანხა და მთხოვეს, მივსულიყავი და ამეღო. დამიმზადეს ბარათი, რომელზეც ჩემი გამომუშავებული ჰონორარი უნდა ჩამრიცხოდა და... „წლების ნაგროვები“ 200 ლარი ჩამერიცხა. მე რომ ვყოფილიყავი დამწყები მომღერალი, გული არ დამწყდებოდა, სწორად გამიგეთ, თემური ვარ თათარაშვილი, არ დარჩენილა რესტორანი, სადაც ჩემს სიმღერას არ უკრავენ და ჩემთვის ეს თანხა სასაცილოსთან ერთად, ცოტა უხერხულიც არის.
წლების წინ რესტორნის დირექტორი ვიყავი, სადაც მოვიდა კობალაძის თანამშრომელი, იმ წუთში ადგილზე არ ვიყავი და ჩემს მენეჯერს გაესაუბრა, ჩვეულებრივ შემოვლაზე იყო... ამ დროს მათ საუბარს შევესწარი, ზურგით იდგა და ვერ დამინახა, როდესაც ჩემმა მენეჯერმა ჰკითხა, თემურ თათარაშვილს რამდენს უხდითო, არც აცია არც აცხელა, და 5000 ვურიცხავთო, გადავირიე, რამდენს რიცხავთ-თქო? რომ შემომხედა, შეცბა და გაიქცა, მას მერე აღარ მინახავს“, - აღნიშნავს თემურ თათარაშვილი.