ავტორი თამუნა პეტრიაშვილი
მომღერალი მარიკა თხელიძე ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც თავის დროზე გიგა კობალაძის ასოციაციას შეუერთდა და ერთ-ერთი პირველი - ვინც ამავე ასოციაცის უთხრა „არა!“...
- მე ალბათ ყველაზე ბოლო ვიყავი, ვინც ამ კომპანიაში გაწევრიანდა, სულ რამდენიმე თვე მომიწია თანამშრომლობა, თანხა რაც ჩამრიცხეს, უბრალოდ სასაცილოა, არ მსურს საუბარი. იყო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, პირველ რიგში არ გვქონდა ინფორმაცია, საიდან მოდიოდა თანხა, რომელსაც მომღერლებს უნაწილებდნენ, რა პრინციპით ნაწილდებოდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჩემი და სოსო თოლორაიას დუეტი ,,ქვეყანა აირია“ როდესაც გამოვიდა, იმ დროისათვის არ ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორც ახლაა, ამ სიმღერის უამრავი „ქავერი“ გაკეთდა, თითქმის ყველა კარაოკეში ისმის და ამის ფონზე ის თანხა, რაც ჩარიცხეს, უბრალოდ სასაცილოა, სიბრმავე და სიყრუეა, გეგონება ამ ქალაქში არ ვცხოვრობ და ვერ ვიგებ, სად რას მღერიან და უკრავენ.
სხვა მომღერლებისგან განსხვავებით, მე უკეთეს სიტუაციაში აღმოვჩნდი, რეპერტუარი მიტანილი მაქვს.
- როდესაც ვიდეორგოლს „არა ინტელექტის ოკუპაციას“ იღებდნენ, თუ შემოგთავაზეს, მონაწილეობა მიგეღო?
- არა, არავის დაურეკავს, ცნობილი იყო მათთვის ჩვენი დამოკიდებულება და ალბათ თავი აღარ შეიწუხეს. ერთ-ერთმა კოლეგამ დამირეკა და მითხრა, არავითარ შემთხვევაში არ გაწევრიანდე მაგ კომპანიაშიო და მომიყვა კობალაძის დაბარებული ათასი ზღაპარი, ფარულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ასე ადვილად სამართავი ვიყავი.
- დაგემუქრნენ?
- არა, არ იყო ასე პირდაპირი მუქარა, შემოვლითი გზებით ეძებეს ჩემთან საერთო ენის გამონახვა, უფრო ფარულ ზეწოლას დავარქმევდი, მაგრამ არ გამოუვიდათ. შეიძლება კონცერტები აღარ ტარდება აქტიურად, მაგრამ მომღერლები ვმეგობრობთ ერთმანეთთან და დროდადრო შეხვედრასაც ვახერხებთ, შესაბამისად პირად საუბრებში ბევრი პრეტენზია მომისმენია კობალაძის ორგანიზაციის მიმართ, ბევრი უკმაყოფილება იყო, მაგრამ ამაზე ხმამაღლა თითქმის არავინ ლაპარაკობდა.
- რატომ?
- ალტერნატიული არ ჩანდა არაფერი. რომ წასულიყავი, სად უნდა წასულიყავი? დღევანდელ სიტუაციაში ხალხისთვის ის ორი კაპიკიც რაღაცას ნიშნავდა, რასაც იხდიდნენ.
- როდესაც შეწყვიტე თანამშრომლობა, რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნია?
- ვის უნდა შეექმნა? მართლა ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული? არჩევანის თავისუფლება გამაჩნია, მგონი. არავის მივცემ უფლებას, ასე უხეშად დაარღვიონ ჩემი უფლებები, რაც შერჩათ, ეყოთ.
- ახალ კომპანიაზე რას იტყვით?
- კომპანიას, რომელშიც ახლა ვართ გაწევრიანებული, ვუცხადებ სრულ ნდობას, საქმით დაგვანახეს ყველაფერი ამ ცოტა დროის მანძილზე, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თვითონაც ჩამოყალიბების პროცესში არიან და დალაგდება ყველაფერი.