ცივი იარაღის ნასამართლევ პირზე რეალიზაცია აიკრძალება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება.
პროექტის თანახმად დგინდება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვის შეეძლება ცივი იარაღით ვაჭრობა და ვისზე შეიძლება მისი რეალიზაცია.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლეობის არმქონე სრულწლოვან პირზე. იურიდიული პირის შემთხვევაში კი წარმოდგენილი უნდა იყოს იურიდიული პირის ხელმძღვანელის ნასამართლეობის არქონისა და სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტები; ნასამართლეობის ცნობის წარდგენა არ მოეთხოვება პირს, რომელსაც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით აქვს რეგისტრირებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის იარაღი.