„პირველი მიწისქვეშა პარკინგი უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში იქნება დამთავრებული“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში პარკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მიწისქვეშა პარკინგი ორბელიანის მოედანზე დაახლოებით 130 ავტომობილზეა გათვლილი.
ამასთან, კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია გამოთქვამს მზადყოფნას, თუ იქნება კონკრეტული ბიზნეს ჯგუფი, მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგები, ყოველგვარი გადასახადის გარეშე გადასცეს ფართი.
„პარკირება სერიოზული პრობლემაა მთელი ქალაქისთვის. თქვენ იცით, რომ გამოცხადებული გვქონდა კონკრეტულ ლოკაციებზე ადგილები, სადაც შესაძლებელი იყო პარკირების მოწყობა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორიები გადაგვეცა ინვესტორისთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა კონკრეტულ ადგილებზე პროექტები განეხორციელებინა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგი. არ გამოჩნდა ისეთი კომპანიები, ვისაც ჰქონდა სურვილი ამის გაკეთების.
თქვენ გახსოვთ, როდესაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე საინვესტიციო ვალდებულებით მიწა გადაეცა თანაინვესტირების ფონდს, თუ რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ამ ყველაფერს, ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. თუმცა იქ სამუშაოები მიმდინარეობდა და უახლოეს მომავალში იქნება დამთავრებული.
ჩვენ დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება კონკრეტული ბიზნეს ჯგუფი, ამ ტერიტორიებზე, რომელიც ჩვენ მიერ არის გამოყოფილი, მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგები. ჩვენ, ამ ტერიტორიებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე გადავცემთ.
პირველი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის ორბელიანის მოედანზე, დაახლოებით 130 ავტომობილზე გათვლილი. პირველი მიწისქვეშა პარკინგი უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში იქნება დამთავრებული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე არის გაკეთებული, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებში კეთდება. ყველანაირი უსაფრთხოება, შშმ პირთათვის შესაბამისი ლიფტები, სახანძრო სისტემა ყველაფერი არის ისე გაკეთებული როგორც სტანდარტები მოითხოვს“,- განაცხადა კახა კალაძემ.