„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, არც ერთი კითხვა არ არსებობს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის აზრით, არჩევნების პროცესში იყო გარკვეული დარღვევები, თუმცა საბოლოო ჯამში, მათ არსებითი მნიშვნელობა არ აქვთ.
„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, შუალედური არჩევნები საქართველოში შედგა, საარჩევნო გარემო იყო საკმაოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული და არ არსებობს არც ერთი კითხვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის მთავარი - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიისა და პოლიტიკური კულტურის ნაწილია ასევე არჩევნების შედეგების აღიარებაც, რაც ალბათ, აუცილებლად უნდა შევახსენოთ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, რაც ასევე კარგად გამოჩნდა უკრაინაში. მაგალითად, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მისივე აზრით, რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესში იყო ცალკეული ხარვეზები და დარღვევები, რაც, რა თქმა უნდა, არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე. თუმცა მეორე მხრივ, აუცილებელია, თითოეული ამ ფაქტის შესწავლა და გაანალიზება იმისათვის, რომ მომდევნო არჩევნებისთვის თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ტიპის დარღვევები“,- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.