logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: ჩემი სურვილია, დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ
- +

21 მაისი. 2019. 15:20

 

დღეს, 14:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის და დაკავებული ფეხბურთელების შესახებ, საგანგებო განცხადება გაავრცელა.

 

ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

 

„სამწუხაროა, რომ ასეთ მტკივნეულ თემაზე გვიწევს შეხვედრა, მაგრამ ეს არის საქციელი, რომელიც არა მხოლოდ მათ, არამედ მათ კლუბებს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს აზარალებს. შესაძლოა, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე არ დაველოდები გამოძიების დასრულებას. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და ჩემი სურვილია, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ“,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

მან კლუბების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.

 

„არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ქმედებების გამო იყვნენ დასჯილები, მაგრამ დღესაც თამაშობენ. ეს არის სწორედ ამ კლუბების უპასუხისმგებლობა. ადამიანები, რომლებიც მსგავს საქციელში არიან შემჩნეულები, ისევ დააბრუნეს. საერთოდ ქართული ფეხბურთის მომავალზე, არა მარტო ფედერაციამ, არამედ კლუბებმაც უნდა იფიქრონ და ეს პასუხისმგებლობა გაიაზრონ“,- განაცხადა კობიაშვილმა.

 

დაისჯებიან თუ არა ფეხბურთელებთან კლუბებიც, ამაზე კობიაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა.

 

„მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის დასასრული. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც, შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც დასახელდეს. ვისაც ეს ეხება, ილოცონ, რომ მათი კლუბები და გვარები ამ სიაში არ მოხვდეს“,- აღნიშნავს ლევან კობიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვასა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner