logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მოვითხოვთ, მთავრობამ უკან გაიწვიოს მიწების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტი
- +

26 თებერვალი. 2016. 12:17


 

„თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი მთავრობას მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდებს. როგორც ჩიქოვანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი მიწის ექსპროპრიაციას ისახავს მიზნად და მისი დამტკიცება დაუშვებელია.

 

„თავისუფალმა დემოკრატებმა" მოვითხოვეთ ხელისუფლებისგან, რომ ის კანონპროექტი, რომელიც დღეს პარლამენტშია, უკან გაითხოვონ. ეს კანონპროექტი შედგება მხოლოდ ერთი მუხლისგან და ითვალისწინებს ერთ პრინციპს, რომ ის მიწები, რომლებიც დღეს დარეგისტრირებული არ არის, ეკუთვნის სახელმწიფოს. პრაქტიკულად, ეს არის მიწის ექსპროპრიაცია. ჩვენს თანამოქალაქეებს მხოლოდ ერთი წელი ეძლევათ, რომ დაირეგისტრირონ საკუთარ თავზე მიწები. ამ პრინციპზე დაყრდნობილი კანონის არსებობა აბსოლუტურად მიუღებელია. თუ მთავრობა ამბობს, რომ მზადაა, შეცვალოს პოზიცია და ისინი ამას ადასტურებენ, მაშინ ეს კანონპროექტი უნდა გაიწვიონ. თუ სხვა პრინციპს ვიღებთ, პირველ მოსმენაზე ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს.

 

ბოლო დღეებში ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ კანონპროექტი გაწვეულია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. „თავისუფალმა დემოკრატებმა" გადავამოწმეთ პარლამენტის ქვედანაყოფებში და აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი გაწვევის თაობაზე შემოსული არაა. „თავისუფალმა დემოკრატებმა" ასევე მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, რომ მთავრობამ, როგორც კანონპროექტის ავტორმა, ეს საკითხი გაიტანოს.

 

„ნაციონალური მოძრაობა" სპეკულირებს იმის თაობაზე, რომ თითქოს რაღაც ახალ კანონპროექტს წერენ. კარგად გვესმის, რომ ამ კანონპროექტის შექმნა და რეალური ამოქმედება შეუძლებელია, თუ არ იქნება უმრავლესობის ნება. ზუსტად ამიტომ შევთავაზეთ უმრავლესობას, რომ დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. დანარჩენ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სრული სპეკულაციაა. პალიკო კუბლაშვილის ნათელი მიზნების დღეს ნამდვილად არ მჯერა. მას ცხრა წელი ჰქონდა, რომ ეს კანონი მიეღო, თუ უნდოდა", - განაცხადა ჩიქოვანმა.


ჩიქოვანი მთავრობას საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.


„მთავრობამ უნდა შექმნას რეალური ჯგუფი, სადაც შევძლებთ საერთო პოზიციაზე შეჯერებას. ამ ჯგუფში უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების პოზიციები", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner