logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას
- +

30 მაისი. 2016. 13:22


„საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას",  - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში საუბრობს და აცხადებს, რომ „ჩვენ თავიდან ვსწავლობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას, ვეჩვევით დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას, ზოგადად თავისუფლებას".

 

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავლის წინაშე და დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც  იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ დროის მოთხოვნებს, მართებულად შევაფასოთ მოვლენები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მიღწევები, რაც ამჟამად გვაქვს და რაც სამომავლოდ  უკეთეს პერსპექტივას გვიპირდება.

 

მართებული კი მხოლოდ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს - თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობას და  მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას!

 

დროის და ცხოვრების მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს. სწორედ ეს ამოცანა უდგათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად ათასი პრობლემისა, გულს არ იტხენ და შრომობენ საკუთარი ოჯახების, მომავლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.  ამაში სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და დახმარება.

 

ყველა ვხედავთ, როგორი დაძაბულობაა დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს გარშემო - უახლოეს და არც თუ შორეულ სამეზობლოში. ულმობელი ტერაქტები, დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური კონფლიქტები  და ცივილიზაციათა დაპირისპირება,  ის სახიფათო აისბერგებია, რომლებიც ჩვენს შორიახლო დაცურავენ და  კატასტროფებით გვემუქრებიან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ.

 

რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო ორიენტირები ექნება ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner