საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საგარეო კურსზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს საგარეო კურსი მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს წარმოადგენს.
როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, საქართველო დემოკრატიის განვითარების მიმართულებითა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა.
„ვინაიდან ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ დემოკრატიას და თავისუფალ გარემოს უკავშირდება, ცხადია ისიც, რომ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, NATO-ს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს.
ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალ არჩევანს, რომელიც ემყარება ისტორიულ და ფასეულობრივ კავშირს დასავლურ სამყაროსთან და ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით და, მათ შორის, პლებისციტითაც.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სწორედ ამ არჩევნის განხორცილებისთვის - ატარებს რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და საქართველო რეალურად გახდეს ევროპული ეკონომიკის და ევროპული მოწყობის ქვეყანა.
დღეს საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. საქართველოს ბიზნესგარემო საუკეთესოა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებსაც ყველაზე უკეთ ჩვენ ვაკმაყოფილებთ", - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში.