თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ნაგვის კონტეინერები მიწის ქვეშ განთავსდება.
საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელება და რეაბილიტირებულ გამზირზე სანაგვე ურნების მიწის ქვეშ განთავსებას ითვალისწინებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს საპილოტე პროექტის განხორციელება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს ლევან ჯღარკავას დაავალა.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალში სხვა რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გამზირებზეც განხორციელდება.
„უახლოეს მომავალში ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. მთლიანად ვაწესრიგებთ ამ გამზირს თავისი კომუნიკაციებით, გარეგანათებებით, საფეხმავლო ბილიკებით და ავტობუსის ზოლებით. ამ პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს ლევან ჯღარკავას მინდა, საპილოტე პროექტის განხორციელება დავავალო, რომლის მიხედვითაც, სანაგვე ურნებს, რომელიც ზედ გზაზეა განთავსებული, მიწის ქვემოთ ჩავიტანთ, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქალაქშია. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, არც ვიზუალურად არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩებზე გზაზე განთავსებული ურნები, რაც ბევრ სხვა პრობლემასაც ქმნის.
„შესაბამისად, ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შემდეგ, ეს ადგილები ზემოდან დახურული იქნება, არ იქნება თვალშისაცემი და რაც მთავარია, მეტი სისუფთავე შენარჩუნდება. შეიძლება, ნარჩენების სეპარირებაზეც ვიფიქროთ. რეაბილიტირებულ სკვერებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმა უკვე დაწყებული გვაქვს“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.