„ყველა ერს აქვს რაღაც განსაკუთრებული თვისება, გამორჩეული შესაძლებლობა, რისი მეოხებითაც იგი წარმატებას აღწევს. ეს შეიძლება იყოს - ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, ბუნებრივი წიაღისეული, ადამიანური რესურსი, შრომისმოყვარეობა, ტექნოლოგიური მიღწევები და ა.შ.", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.
ივანიშვილს საქართველოსთვის ასეთ საყრდენ ფენომენად ესახება მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურა და ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე დიდ იმპერიებს შორის ცხოვრების უნიკალური გამოცდილება, „რომლის წყალობითაც თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და პროგრესისკენ სწრაფვის უნარ-ჩვევები ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს ჩაწერილი".
„ალბათ ბევრს ახსოვს სკოლაში ნასწავლი საზეპირო მერვე საუკუნეში დაწერილი აბო თბილელის ცხოვრებიდან, რომელიც ქართველებმა წმინდანად და თბილისის მფარველად შერაცხეს - ბევრი გაჭირვება გვადგას ქართველებს, ვირხევით როგორც ლერწამი ძლიერ ქარში, მაგრამ ცხოვრების წესს მაინც არ ვიცვლით და ვაგრძელებთ „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვასო".
ქარი გვარხევს, მაგრამ, ურთულეს რეგიონში ცხოვრებით შეძენილი გამჭრიახობის წყალობით, ვერც გვტეხს და ვერც ადგილიდან გვძრავს. კომპრომისის ძიება, როცა საჭიროა - დათმობა, როცა საჭიროა - მტკიცედ დგომა, ჩვენი ცხოვრების წესად და გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში საიმედო გზამკვლევად იქცა.
ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა თბილისის ისტორიულ ცენტრში გვერდიგვერდ მდგარი ტაძრები, რომლებიც ოთხ დიდ რელიგიას - ქრისტიანობას, ისლამს, იუდაიზმს და ზოროასტრიზმს განასახიერებენ და ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქვეყანას აძლიერებენ.
საქართველოში გვაქვს სკოლები, რომლებშიც ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები ერთად სწავლობენ, გვერდიგვერდ ლოცულობენ და განსხვავებული სარწმუნოება უფრო საინტერესოს ხდის მათ ურთიერთობას.
სამაგალითოა ქართველების და ებრაელების ოცდაექვსსაუკუნოვანი ძმობა და თანაარსებობა და ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვლაპარაკობთ. საყოველთაოდ ცნობილია ერთი ძალიან ნიშანდობლივი ამბავი - 1913 წელს მაინის ფრაკფურტში მიმდინარე ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე გამოდიოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან და აღნიშნავდნენ, რომ მაშინდელ მსოფლიოში არ არსებობდა ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმი არ მძლავრობდა, რის პასუხადაც საქართველოდან წარგზავნილმა რაბინმა დავით ბააზოვმა, ძალიან დიდმა პიროვნებამ და საზოგადო მოღვაწემ, განაცხადა: მეგობრებო, ასეთი ქვეყანა არსებობს, პატარა ქრისტიანული საქართველო. ქართველებს შორის ვცხოვრობთ ებრაელები უკვე 2500 წელია და არასდროს განგვიცდია დამცირება ან ჩვენი უფლებების დარღვევა. საქართველოში არასდოს ყოფილა გეტოები, „პოგრომები" ან დისკრიმინაცია და ქართულ ენაში „პოგრომის" შესატყვისი სიტყვაც კი არ არსებობსო. ფეხზე ამდგარი დარბაზი ტაშით მიესალმა ამ ფაქტს.
ჩვენი ხასიათისთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი სხვისი სიწმინდეების შეურაცხყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობა და ადამიანის ეთნიკური ნიშნით დამცირება. ამ მხრივ საქართველო არის სხვადასხვა ეთნოსის თუ რელიგიური ჯგუფის მეგობრულად და კეთილგანწყობით თანაარსებობის მისაბაძი მოდელი.
კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მცდელობები, თავს მოგვახვიონ პოლიტიკური თუ რელიგიური რადიკალიზმი, აგრესია განსხვავებული აზრისა თუ ცხოვრების წესის გამო, განადგურებით ემუქრება ჩვენი არსებობის საფუძველებს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ განსაკუთრებული სიფხიზლე და შეურიგებლობა გვმართებს.
სწორედ გულწრფელი ტოლერანტობა წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში არსებული ბევრი მწვავე პრობლემის გასაღებს და იმ ოქროს საწმისს, რითაც ჩვენ საინტერესოები გამოვჩნდებით მსოფლიოსთვის.
ამ ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა ქვეყანა - შევძელით, გვერდი აგვევლო გეოპოლიტიკური საფრთხეებისთვის, გავაღრმავეთ ურთიერთობა მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამ დაბალანსებული და მშვიდი პოლიტიკის შედეგია, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული მწვავე კრიზისისა, საქართველოში იზრდება ტურიზმიც და მთლიანად ეკონომიკაც", - წერია ივანიშვილის ღია წერილში.