ადამიანის უფლებათა კომიტეტი ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს.
შემუშავებული ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გაკეთდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე.
კანონპროექტის თანახმად, მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის სავალდებულო გახდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა, რათა მაქსიმალურად იქნას არიდებული თავიდან განმეორებითი ძალადობა.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება. თუ მოძალადე პენიტენციური დაწესებულებიდან მსხვერპლის მიმართ, ახორციელებს მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, მსხვერპლს საშუალება ექნება პენიტენციური ან ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოითხოვოს ამ ზარების შეზღუდვა.
კანონპროექტის მიხედვით, მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება. ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სამოქალაქო სამართლებრივ დავებზე, სასამართლოში სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდება. საკანონმდებლო ცვლილება მსხვერპლს საშუალებას აძლევს მაგალითად, მოძალადესთან ქონებრივი დავა, ფინანსური დანახარჯების გარეშე მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვიტოს.
ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის სასამართლოს მხრიდან ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება იკრძალება.
„ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, ამ კატეგორიის საქმეებზე, ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება აიკრძალება. პრაქტიკაში, როგორც წესი, ჯარიმის თანხა, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში, მსხვერპლს და მის შვილებს აწვებათ ტვირთად. ამდენად, მსხვერპლისა და მისი შვილებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოძალადეს შესაძლოა, დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა ან კანონით გათვალისწინებული სხვა სასჯელი. მოძალადეს პენიტენციური სისტემიდან განთავისუფლების შემდეგ, პოლიციელები პერიოდულად გადაამოწმებენ“,- აღნიშნულია კანონპროექტში.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პოლიცია პენიტენციური თუ ფსიქიატრიული სისტემიდან განთავისუფლებულ მოძალადეს პერიოდულად შეამოწმებს რათა, განმეორებითი ძალადობის რისკი დროულად შეაფასოს და პრევენცია მოახდინოს.
დღეს არსებული რეგულაციით, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე, მოძალადე მსჯავრდებულის ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, მისი ქცევებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება ხდება.
ახალი ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პოლიცია ამ შეფასების დოკუმენტზეც შეძლებს წვდომას. პოლიცია ასევე ვალდებული ხდება, მოსამართლის მიერ უკვე გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგი აწარმოოს და საჭიროების შემთხვევაში თავადაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
საკანონმდებლო ცვლილებები სოფო კილაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა. ინიციატივების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება.