საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის ვიზიტს აჯამებს.
გვენეტაძე ამბობს, რომ ლაგარდის ჩამოსვლა იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს იმ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.
„სწორედ ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები არის სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის საფუძველი“,- წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი სტუდენტებთან შეხვედრაზე ლაგარდის გამოსვლის თარგმანსაც აქვეყნებს და რამდენიმე გზავნილზე ამახვილებს ყურადღებას.
„მნიშვნელოვანია პროგრესი, რაც საბანკო კრედიტის გაცემის სტანდარტების გამკაცრებას მოჰყვა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი სესხების მდგრადი ზრდის ტენდენციის შესანარჩუნებლად, რაც კარგია საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის; საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბანკების მდგრადობის გაძლიერებისა და ფინანსური განათლების ამაღლების მხრივ; საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია მნიშვნელოვანი პოტენციური შოკების მიმართ, როგორებიცაა ფინანსური ბაზრების არასტაბილურობა და სავაჭრო მერყეობა; სახელმწიფოს რისკებისგან დაზღვევა შეუძლია შემდეგი კომპლექსური ღონისძიებებით: გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებისა და უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდით დაწყებული, გონივრული ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის გატარებით დამთავრებული; დოლარიზაციამ მრავალი ფირმის და ოჯახის ფინანსური მდგრადობა შეარყია გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილებების ფონზე“,- წერს გვენეტაძე.
ლაგარდი საქართველოს 19-21 მაისს სტუმრობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებს და ლიდერ ქალბატონებს შეხვდა. ლაგარდი მცხეთასაც ეწვია, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის ტაძარი დაათვალიერა.