logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს!
- +

30 მაისი. 2016. 13:43


არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს და აცხადებს, რომ „ყველა ის პროექტი, რომელსაც ახორციელებს, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო  სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი - ტურისტებისთვის".

 

„არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით, მაგრამ, ვინაიდან, ამდენი ცილისწამება მოედინება, იმისათვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად მართებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს. ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო  სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი - ტურისტებისთვის, ეს ყველაფერი  ძალიან ადვილად შესამოწმებელია.

 

ყველა ბიზნესში ჩახედულმა იცის, რომ უცხოელი ინვესტორი გაცილებით სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო გაბედულად იწყებს საქმიანობას, როდესაც მას ადგილობრივი პარტნიორი ხვდება და ფინანსურ თანამონაწილეობას სთავაზობს. სწორედ ინვესტორთა დამატებითი სტიმულირებისთვის ჩემი ინიციატივით დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც გაცხადებული 5 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი უკვე აითვისა, რითაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ბევრ ინვესტორს გაუხდა პარტნიორად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში - დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული ჰესების მშენებლობით.

 

გარდა ამისა, თავად ფონდი, ყოველგვარი პარტნიორის გარეშე, აშენებს რვა სასტუმროს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პროექტი სრულად იცავს არქიტექტურულ და გარემოსდაცვით ყველა ნორმას და, ამასთანავე, მიმდებარე ტერიტორიების მოვლას და გამწვანებასაც ითვალისწინებს, ჩვენი ოპონენტები, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, განზრახ დამახინჯებული ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მათ სურთ, საქმის ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე პოლიტიკაში ფინანსური ინტერესების გამო მოვედი. სწორედ ამიტომ, ადრეც ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც ამ პროექტების დასრულების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, თანაინვესტირების ფონდი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით დაუთმობს საკუთრებას და  ყოველმხრივ დახმარებასაც აღმოუჩენს", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner