„ნამდვილად შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრის და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი და რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში წერია.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, დღეს ქვეყნის ეკონომიკა ექვსჯერ ჩამორჩება საშუალოევროპულს და ამით გამოწვეული პრობლემების გამო ხშირად მიჩქმალულია და მტვერდადებულია საუკუნეების წრთობით ჩამოყალიბებული ქართული ხასიათის მთავარი საზრისი, გაიხაროს სხვისთვის ბედნიერების მინიჭებით.
„ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება „2030" დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, რაც, თუნდაც, თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროსაც გამომჟღავნდა.
როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, მაშინ ქართულ ფენომენსაც ოქროს ხანა დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ღირებულებეზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის უნდა იყოს.
ჩვენი სტრატეგიული კაპიტალია გეოპოლიტიკური მდებარეობა და კულტურათა მშვიდობიანად შეხვედრისა და ჰარმონიული თანაარსებობის გამოცდილება.
ავტორიტარიზმში დაბრუნება ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური კი არა, კულტურული და მენტალური ტრაგედიაც იქნება, ვინაიდან ავტორიტარიზმი ძალადობას ეფუძნება, მისთვის მიუღებელია პოლიტიკური, რელიგიური და საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და ნულოვან ტოლერანტიზმს ამკვიდრებს.
ნულოვან ტოლერანტობასა და ავტორიტარიზმში დაბრუნება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კულტურათა მშვიდობიანი გზაშესაყარის ნაცვლად, ცივილიზაციათა გზაგასაყარად და ინტერესთა შეჯახების პოლიგონად გადაიქცევა, რაც დაგვანგრევს და განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას მოგვისპობს.
საქართველოს განვითარების და კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი თავისუფლება, დემოკრატია და ტოლერანტობაა და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ აქსიომას უნდა ეფუძნებოდეს!" - წერია წერილში.