logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გამაჩნია
- +

30 მაისი. 2016. 13:49


„ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს კი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები არ გააჩნია.

 

„ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას" და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს.

 

ცხადია, გაჩნდება შეკითხვა - რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?! ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი - ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი. შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე - ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც, შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას.

 

ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით. არავითარი სხვა მოტივი არ მამოძრავებს - არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, რაც დავამტკიცე კიდეც, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში  უყრიდნენ  და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება.

 

სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება! სწორ არჩევანს დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის! დღესაც ჩვენი ისტორიული გამოცდილების და ალღოს იმედი მაქვს! ამიტომ დავწერე ეს წერილი. ამიტომაც ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ  კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკურ პარტიების, მედიის და  ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი.დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ!" - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner