ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ ხალხში გავიდეს, რის შესახებაც ის ღია წერილში საუბრობს, განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ არის მიტანილი ადამიანებთან იმ სახით, როგორც ეს უნდა იყოს.
„ადამიანებთან ურთიერთობა და მათთვის ინფორმაციის მიტანა მართლაც მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ არის მიტანილი ადამიანებთან იმ სახით, როგორც ეს უნდა იყოს", - განაცხადა ხადურმა.
მინისტრი ყოფილი პრემიერის მიერ მოყვანილ მაჩვენებლებს დაეთანხმა.
„ეს არ არის ცოტა, ბევრია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მაგრამ დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე თუნდაც 4 წლის წინ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არ არის საკმარისი. თქვენ ნახეთ ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ბატონმა ბიძინა მოიყვანა და ხედავთ, რომ გაზრდილია ინვესტიციების რაოდენობა. თუნდაც ის, რომ აპრილში 4,3 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა, აჩვენებს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. იმ რთულ რეგიონსა და გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ არათუ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ საკმაოდ კარგ მაჩვენებელს", - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე, რა მანდატით მიიტანს ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობამდე ინფორმაციას, ხადურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს დამატებითი მანდატი არ სჭირდება.
„მან პირადად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის შექმნის სათავეებთან იდგა და იმ გუნდს, რომლის ხელმძღვანელიც ის იყო, მათ შორის, როგორც პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.