logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას
- +

30 მაისი. 2016. 14:00


საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება! ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით  და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში წერია.



ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას, ასევე გარკვეული ლოდინია საჭირო ვიდრე NATO-ს წევრები გავხდებით, თუმცა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ეს იმედგაცრუების საბაბი არ უნდა გახდეს.



ვინაიდან ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ დემოკრატიას და თავისუფალ გარემოს უკავშირდება, ცხადია ისიც, რომ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, NATO-ს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს.

 

ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალ არჩევანს, რომელიც ემყარება ისტორიულ და ფასეულობრივ კავშირს დასავლურ სამყაროსთან და ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით და, მათ შორის, პლებისციტითაც.

 

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სწორედ ამ არჩევნის განხორცილებისთვის - ატარებს რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და საქართველო რეალურად გახდეს ევროპული ეკონომიკის და ევროპული მოწყობის ქვეყანა.

 

დღეს საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. საქართველოს ბიზნესგარემო საუკეთესოა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებსაც ყველაზე უკეთ ჩვენ ვაკმაყოფილებთ.

 

საგარეო ორიენტირებზე საუბრისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტი და მხარდამჭერი. ძნელბედობის ჟამს სწორედ ამერიკამ გაუწია ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი ფინანსური, სამხედრო-პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.

 

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა  ძალიან მაღალ ხარისხში ავიდა და, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მომავალში საქართველოს უსაფრთხოება და პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმატებები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორედ ჩვენს მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.

 

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ   ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას. ასევე გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე NATO-ს  წევრები გავხდებით, რადგან ეს რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია და  მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მზადყოფნაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სპეკულირების და, მით უმეტეს, იმედგაცრუების საბაბად", - აღნიშნულია ივანიშვილის წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner