„დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავითგარეჯის საკითხზე აზერბაიჯანში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
„შემდეგი ორი დღის განმავლობაში ბაქოში გაიმართება კომისიებს შორის შეხვედრები. მოგეხსენებათ, ჩვენ კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნებოდა ახალი კომისიები და დაიწყებდნენ მუშაობას. ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი. თითოეულ ნიუანსს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა. აქედან გამომდინარე, კომისიის მუშაობის შედეგებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.